სალომე ზურაბიშვილი - ჩემი შვილები საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მუქარის შესახებ საფრანგეთსაც მივაწოდე ინფორმაცია, რომ რეაგირება მათაც მოახდინონ
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მასსა და მისი ოჯახის მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთსაც მიაწოდა, რადგან როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მისი შვილები საფრანგეთის მოქალაქეები არიან და ამ საკითხზე რეაგირება საფრანგეთმაც უნდა მოახდინოს.
მისივე თქმით, მასსა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს.
„ეს არ არის ერთი ადამიანის მუქარა. ერთი კაცით დაიწყო და გავრცელდა. რამდენიმე კაცი მონაწილეობს ამ მუქარაში. ერთი მხრივ, ჩემი ბიჭის და მეორე მხრივ, ჩემი ქალიშვილის მიმართ, რომელიც არის საფრანგეთში ჟურნალისტი და იქაც გადავეცი ეს ინფორმაცია. ჩემი შვილები საფრანგეთის მოქალაქეები არიან და საფრანგეთმაც რეაგირება უნდა მოახდინოს მათ მიმართ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.