სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას აღარ დააბრალებენ
დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას აღარ დააბრალებენ.
ამასთან, მისი თქმით, პარტიასაც მეტი აქტიურობა სჭირდება.
„ნებისმიერ პარტიაში ხელმძღვანელობის შეცვლა არის იმ პარტიის გადაწყვეტილება. ერთადერთი შემიძლია ვუსურვო, რომ ეს იყოს პარტიისთვის სწორი და დადებითი ნაბიჯი. აღარ დააბრალებენ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველობას და ალბათ პარტიასაც სჭირდება ცოტა უფრო აქტიურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ზოგადად, საჭიროა, რომ საქართველოში პარტიები უფრო ეფექტიანი და აქტიურები გახდნენ.
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.