სალომე ზურაბიშვილი - არასამთავრობო სექტორი რაღაც პოლიტიკურ თამაშს თამაშობს
საზოგადოებას დღეს დაწყნარება და ყველაზე გამჭვირვალე ინფორმაცია სჭირდება იმის შესახებ, თუ რა ხდება და რატომ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
„არასამთავრობო სექტორი რაღაც პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და არა იმას, რაც საზოგადოებას სჭირდება და მისი დანიშნულებაა. საზოგადოებას დღეს დაწყნარება და ყველაზე გამჭვირვალე ინფორმაცია სჭირდება იმის შესახებ, თუ რა ხდება და რატომ მოხდა. დღეს აქტუალური საკითხი არ არის, რომ იუსტიციის მინისტრი შევაფასოთ, თუ გინდათ, ეს საკითხი სხვა დროს შევაფასოთ და მის საქმიაობას დადებითად შევაფასებდი, მაგრამ არასამთავრობო სექტორის საქმე ეს დღეს არ არის. როცა ქვეყანა ასეთ სიტუაციაშია ჩაძირული და ყველა ცდილობს, რომ დაწყნარდეს, რათა მივაღწიოთ იმ ჭეშმარიტებას, რაც ყველას სჭირდება, ეს არის ცეცხლზე ნავთის გადასხმა. რატომ აკეთებენ, ვიცი. ეს თქვენც იცით და მეც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.