სალომე ზურაბიშვილი - ახალი წესის შემუშავებამდე, რომელიმე მსჯავრდებულის შეწყალებაზე ფიქრი რთულია
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი წესის შემუშავებამდე, რომელიმე მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის განხილვა რთულია.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ახლო მომავალში გამოიცემა.
„ძალიან მიკვირს, გაუთავებლად ამბობთ, რომ არ ვპასუხობ თქვენს კითხვებს მამალაძეზე. თუ კარგად მახსოვს, უკვე მეხუთეჯერ გეუბნებით და გპასუხობთ იგივე ტელევიზიებს, რომ შეწყალებას რაც ეხება, გამოვედი ინიციატივით, კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რაიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც ჰქვია შეწყალება. აქაც ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ახალგაზრდები ელოდებიან, რა იქნება ამ კუთხით. მე მგონია, არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული. როცა იქნება აღნიშნული წესები, გეტყვით და გაეცნობით“, – გნაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან კონსულტაციები არ ჰქონია.
„არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ თქვენ ერთ კითხვაზე მეტი არ შეგიძლიათ, დასვათ. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას. ის, რასაც ჰქვია მორატორიუმი, სხვათაშორის, ბევრს ამ სიტყვის მნიშვნელობის გაგება უჭირს, მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რისი სრული უფლებაც მაქვს. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, ალბათ გამიგებთ, რომ მინდა დრო, დავფიქრდე და არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.