სალომე ზურაბიშვილი - აგრესიული ქმედებები, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, არის ნიშნები, რომ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე
სალომე ზურაბიშვილი - აგრესიული ქმედებები, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, არის ნიშნები, რომ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაციები იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრაინის მდგომარეობა და უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აგრესიული ქმედებები, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე არის ნიშნები, რომ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე.

„ის აგრესიული ქმედებები, მუქარა ეს იქნება კიბერშეტევები, თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშნები, თუ რამდენად დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე. ამას მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ის ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.

ჩვენი სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და განიცდის დღემდე ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინის ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ.

ასევე ვიცით, თუ რაოდენ დიდი არის პოლონეთის სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინასთან ყველა მხრივ, რამეთუ ეს არის ერთ-ერთი ევროპის ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდი ხანია, რაც მხარს უჭერს უშუალოდ უკრაინას, უკრაინის სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ჩვენ გვიჭერს მხარს პოლონეთი მუდმივად ამ კუთხით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი მადლიერება გამოვხატო. გამოვხატო ასევე მადლიერება ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც დღეს ამ ძალიან რთული მოლაპარაკებების დროს არ ივიწყებენ საქართველოს და ყოველი შემთხვევის, საშუალების დროს ახსენებენ საქართველოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო მხარს უჭერს ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას.

„დღეს ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას, რაც დღეს მიმდინარეობს და ვიცი, ყველა მხრივ მიმდინარეობს მცდელობები, გამოვიდეთ ამ დაძაბული ვითარებიდან, რამეთუ აგრესიას მომავალი არ გააჩნია, შედეგი არ გააჩნია. ეს სამხედრო ქმედებები, ეს ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს, ანაქრონისტული არის დღევანდელ დღეს, რამეთუ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები. ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას დღეს არ ესმის, როგორი არის 21-ე საუკუნის მსოფლიო.

მინდა, გამოვთქვა ჩემი იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენობა იქნება ბოლომდე დაცული. მინდა, იმედი გამოვხატო, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი არის სრულად ჩართული, იქნება შედეგიანი და ეფექტური. ეს ყველა ჩვენი საერთო ინტერესი არის. მინდა, ასევე ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოს არა მხოლოდ სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ყველა ის ჩვენი ინტერესები, ასევე იქნება ამ კონსულტაციებში თუ მოლაპარაკებებში სრულიად დაცული, ამისთვის წინასწარ მინდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა მოვახსენო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს საქართველოს გავლით მგზავრობდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდა.