სალომე ვარდიაშვილი - ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის
სალომე ვარდიაშვილი - ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის

ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ხარჯების ნაწილი არ გაითვალისწინა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ტარიფმა განიცადა კორექტირება ზრდის თვალსაზრისით. თქვენ დაწვრილებით იხილეთ, რა სახის დანახარჯები გაითვალისწინა მარეგულირებელმა კომისიამ და რა სახის დანახარჯები ამორიცხა. ჯამში „თელასისთვის“ 16 მლნ ხარჯი ამოირიცხა, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ 12 მლნ ხარჯი. სამწუხაროდ, მეტი დადებითი შედეგი შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, კომპანიები მოითხოვდნენ, ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებას, რომელიც თავდაპირველი ვერსიით წარმოადგინეს, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

მოსალოდნელი იყო, რომ მთავრობა შემოგვთავაზებდა თავის გადაწყვეტილებას სოციალურ სუბსიდირებასთან დაკავშირებით და ეს აუცილებელია, ვინაიდან ტარიფის ყოველგვარი ზრდა უარყოფითად აისახება მომხმარებლის ინტერესებზე, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის. შესაბამისად, არის ამის მზაობა, რომ პირველი-მეორე საფეხურის მომხმარებლისთვის, 2021 წელს სრულად იქნება ანაზღაურებული ის სხვაობა, რაც დღეს მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ.

ფასის ზრდა გარდაუვალი გახლდათ, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ის ხარჯი და ის საკითხები, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისა და სათანადო მომსახურების მისაწოდებლად“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.