სალომე სამადაშვილი - უზენაეს სასამართლოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოსამართლეების აუცილებლობა კონსტიტუციის შეცვლის გამო დადგა დღის წესრიგში
იმის გამო, რომ კონსტიტუცია შეიცვალა, უზენაესი სასამართლოს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოსამართლეებით დაკომპლექტების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ამიტომ, ეს არ არის რიგითი მოვლენა. ამ უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტება ზეგავლენას იქონიებს ათწლეულებზე, როგორი იქნება ჩვენი სასამართლო სისტემა. იმიტომ, რომ ნებისმიერი სასამართლო დავა საბოლოოდ, შესაძლოა, მივიდეს უზენაეს სასამართლოში და უზენაესი სასამართლო უნდა იყოს ძალიან მყარი ციტადელი სასამართლო დამოუკიდებლობის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ გაითამაშა სცენა, თითქოს, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციები გაიარეს და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მაგრამ რეალურად, მიღებული კანონპროექტი კონკრეტული მოსამართლეების ინტერესებს არის მორგებული, რათა კლანი, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს უზენაეს სასამართლოში.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვენეციის კომისიის კიდევ რომელი რეკომენდაცია უნდა გაეთვალისწინებინა ხელისუფლებას, რომ კანონპროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მიეღო, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი იყო, პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი, რადგან კვლავ რჩება ფარული კენჭისყრის მექანიზმი, რაც მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა.
„მეორე, მნიშვნელოვანი იყო, ამ პროცესში მიგვეღო იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომ ერთ კონკრეტულ ჯგუფს შესაძლებლობა არ ჰქონოდა, საკუთარი კანდიდატებისთვის ლობირება გაეკეთებინა. ეს შესაძლებლობა იმ ყველა ცვლილების გათვალისწინებით დღემდე რჩება და ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ის, რომ ერთმა საკანონმდებლო ორგანომ, დღევანდელი მოწვევის პარლამენტმა, რომლის მიმართ პოლიტიკური ნდობა დღეს ბევრად უფრო დაბალია საზოგადოებრივი მხარდაჭერის ასახვის თვალსაზრისით, ვიდრე უმრავლესობის რაოდენობა პარლამენტში, არ შეიძლება, სრულად დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო“, – განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს დამტკიცებული კანონპროექტით საზოგადოება მიიღებს სასამართლო სისტემას, რომელსაც კონკრეტული კლანი აკონტროლებს და რომელიც დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს შეასრულებს.
სამადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან დიდი სირცხვილია და მიღებულ კანონპროექტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილება მოუწევს ყველას, ვინც დღეს კანონპროექტს ხმა მისცა.