სალომე სამადაშვილი - უკრაინის ხელისუფლება ვიდრე განცხადებას არ გააკეთებს, რომ კონსულტაციებისთვის უკრაინის ელჩის გაწვევა დასრულდა, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ის კვლავ გაწვეულია
უკრაინის ხელისუფლება ვიდრე არ გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რომ კონსულტაციებისთვის უკრაინის ელჩის გაწვევა დასრულდა, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ის კვლავ გაწვეულია კონსულტაციებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით სამადაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება.
„უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება თუ გადაიხედება, შესაბამისი განაცხადი უნდა გააკეთოს ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტმა. ნამდვილად არ ვიცი, ფიზიკურად უკრაინის ელჩი სად იმყოფება, მაგრამ ვიდრე შესაბამის განცხადებას არ გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის დასრულდა, ჩვენ შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ის კვლავ გაწვეულია კონსულტაციებისთვის. თუ პრეზიდენტი ზელენსკი გააკეთებს განაცხადს, რომ ელჩს კონსულტაციებიდან აბრუნებს, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ელჩი საკუთარი ვალდებულებების ჩვეულებრივ რეჟიმში შესრულებას დაუბრუნდა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება. საქართველოს პირველი არხის კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ მივიდა იგორ დოლგოვი უკრაინის საელჩოში. უკრაინის ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ მარტს საქართველოდან გაიწვია.