სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, ბრძოლის რა ფორმას შეარჩევს, ჩემთვის შიმშილობა შედეგის მომტანი პროტესტის ფორმა არ არის
„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ბრძოლის რა ფორმას შეარჩევს. მათი მდგომარეობა გასაგებია, სურთ, წნეხის გაზრდა ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შიმშილობა არ არის შედეგიანი პროცესი.
„შიმშილობის პროცესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ცნობილია, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ შედეგიანია. არ ვიცი, რამდენად ახორციელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რაც საზოგადოებას სჭირდება. ჩემთვის გასაგებია, მათი არჩევანი და იმედია, ხელისუფლება პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას კიდევ ერთხელ შეხსენებად მიიღებს, რომ ქვეყანას იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი სჭირდება, რომელშიც ჩვენ ვართ. არ ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანზე კომენტარი უნდა გავაკეთო, ეს მათი არჩევანია. მათ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, როცა საქართველოს პრეზიდენტისგან მოწვევა არ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკური პროცესი შორდება იმ პრობლემებს, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ, საზოგადოება უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას და დროულად უნდა შევქმნათ ჩვენ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოლიტიკას დააბრუნებს მათთან, ვისთვისაც არსებობს პოლიტიკა ქართველ ხალხსა და ამომრჩეველში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.