ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ
ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.

როგორც მელიამ განაცხადა, აქციას ბევრი მხარდამჭერი შეუერთდება.

„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსიტიტუციური უფლებაა, არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შეიძლება, ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას. ჩვენ ამ მასობრივ შიმშილობას ვიწყებთ კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიქნებით ბევრნი“, – განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე.

ნიკა მელიას თქმით, „ბრძოლა სულ უფრო და უფრო მაღალ სიხშირეზე და ხარისხში უნდა ავიდეს“. ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ „უნდა ახსოვდეთ პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე“.

ამასთან, მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ მიესალმება ეროვნული თანხმობის პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იოტისოდენა შანსი თუ არსებობს თანხმობისა, ამ პროცესში პოზიტიური როლი ვითამაშოთ და წვლილი შევიტანოთ, რადგან ძმათა მკვლელი ომი და დაპირისპირება არავის აწყობს, გარდა რეჟიმისა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი