სალომე სამადაშვილი - სენატორებთან ვაპირებ, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე
სენატორებთან ვაპირებ, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სენატორებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ის ასევე აპირებს ისაუბროს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე.
„სენატორებთან ვაპირებ, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ასევე ცხადია იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს დგას საქართევლოში დემოკრატიის მომავლის თვალსაზრისით. პრინციპში ეს ორი საკითხი ურთიერთკავშირშია იმიტომ, რომ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ასევე უკავშირდება დემოკრატიას და მის მომავალს. ასევე, ვაპირებ, ვისაუბრო იმ გზავნილებზე, რაც ჩვენი აზრით, უნდა გაჟღერდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.
მსურს ვისაუბრო სენატორებთან იმაზე, რომ ყოველი დღე, როდესაც ჩვენ წინ ნაბიჯს ვერ ვდგამთ ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, ამწვავებს ჩვენს რეგიონში რუსულ პროპაგანდას და წყალს ასხამს რუსეთის ინტერესებზე. ჩვენ გვჭირდება რეალური ნაბიჯების გადადგმა ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველო და უკრაინა არ იქნებიან მიწვეულნი. ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ნატო-ს შემდეგი სამიტი იყოს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი ნატო-ს გაფართოების დღის წესრიგის თვალსაზრისით და ამაზე ვაპირებ ვესაუბრო ჩვენს მეგობარ სენატორებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.