სალომე სამადაშვილი - სასტუმრო „რუმსში“ მომხდარზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
სალომე სამადაშვილი დღევანდელ ინციდენტსა და 8 სექტემბერს, დეპუტატ ემზარ კვიციანისა და აქციის მონაწილეთა დაპირისპირებას შორის პარალელს ავლებს.
„იმაზე, რაც ახლა სასტუმრო „რუმსში“ ხდება, პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ორი დღის წინ, ემზარ კვიციანი თავს დაესხა მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეებსა და პოლიციელებს, „პანჩურები“ ურტყა და ძირს დააგდო, მათ ასევე ფიზიკური გასწორებით ემუქრებოდა, მის წინააღმდეგ კი, არანაირი ზომები არ გაატარეს. ეს იყო პირდაპირი სიგნალი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ქმედება არის მისაღები ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.