სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენ, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატოში, გაგვეკეთებინა ის, რა მოლოდინიც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამ პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიცია შეთავაზებას დათანხმდა, ხოლო პოლიტპატიმრების და არჩევნების საკითხზე ხელისუფლებას შესაძლო კომპრომისული ვარიანტები შესთავაზეს.
„აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყანაში არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ისინი სწორედ აპირებენ, რომ გააგრძელონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შანსი, რომ დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე დასახელებული მიშელის გეგმაში. თქვენ იცით, რომ ხუთი პუნქტი არსებობდა შეთანხმების სამოქმედო რუკაში. აქედან სამ საკითხთან დაკავშირებით მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი დათანხმდა იმ შემოთავაზებას. არსებობდა ორი საკითხი – პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ, მათ შორის არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის. მაგალითად, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ასეთი წინადადება შეეხება, თუ როგორ ვხედავთ პოლიტიკურ მომავალს ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით იმის შეფასებაზე, თუ რა მოხდა გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ შეიძლებოდა, რომ ჩვენ შევთანხმებულიყავით ახალ კონსტიტუციურ მოდელზე, მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართულია მომავლისკენ, ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან სტაბილურ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრება არის ყველა საქართველოს მოქალაქის ინტერესი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“, რაც მათ მისცემდა კომფორტს, რადგან გვესმის, რომ პრობლემატურია პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობაზე და პოლიტპატიმრების არსებობაზე ხელის მოწერა, მაგრამ ამ საკითხზეც შევქმენით შესაძლებლობა ისეთი შეთანხმების მიღწევის, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ვფიქრობ, მისაღები იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშისთვის, რომელსაც რეალურად სურდა შეთანხმების მიღწევა.
თქვენ იცით და გასაჯაროებულია დოკუმენტი, ამიტომ, ღიად შემიძლია გითხრათ, რომ ის ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, ჩვენი აზრით და ჩვენი შეხედულებით უნდა შეეხებოდეს ორივე პოლიტპატიმარს, რომელზეც საუბარია, როგორც ნიკა მელიას, ასევე გიორგი რურუას, რადგან დამეთანხმებით და ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ და ირაკლი კობახიძის გარდა, ჩვენს ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი რურუა არის დღეს პატიმრობაში სწორედ პოლიტიკური მიზეზებით. მათ შორის დიახ, 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე. ამიტომ, მინდა, არავინ არ შეიყვანოს შეცდომაში „ქართულმა ოცნებამ“. თქვენ მოისმინეთ მათ შორის მედიატორის შეფასება, რომელმაც პირდაპირ, ხაზგასმით ისაუბრა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. თქვენ ნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად, მათ შორის იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომელიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც ნაწილი შეთანხმების.
ჩვენ ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშე, ქვეყანაში უზრუნველვყოთ, რომ აღარასოდეს აღარ გაუქმდეს საქართველოს მოქალაქის უფლება, არჩევნების გზით აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ, არის განპირობებული ერთადერთი ინტერესით, ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის შეიძლება ითქვას, აღდგენა და გადარჩენა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის მობილიზაციას, ვიდრე არ მივაღწევთ იმ ამოცანას, რომელიც დავისახეთ მიზნად. თქვენ იცით, რომ ოპოზიცია ემზადება, უკვე 15 მაისს ჩანიშნული საპროტესტო აქციისთვის“, – სალომე სამადაშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.