სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ორმხრივ შეხვედრებში ვერ მონაწილეობს
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან უცნაურია, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის ვერანაირი ფორმატი ვერ გამოიძებნა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებდა, რაც მისივე თქმით, დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მონაწილეობას ვერ იღებს ვერც ერთ დელეგაციასთან ორმხრივ შეხვედრებში.
„სამწუხაროდ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ საჭიროდ არ ჩათვალა, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მონაწილეობა იმ მიზეზითა და საბაბით, რომ საპარლამენტო კვოტების გადანაწილების შედეგად წარმომადგენელი არ გვყავს ევროსაბჭოს დელეგაციაში. მიწვეული არ ვყოფილვართ არც ერთ ღონისძიებაზე, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი ოპოზიციური ძალის მარგინალიზება მოხდეს, რაც იმ სტანდარტების დარღვევაა, რასაც ქვეყანას ევროსაბჭო უყენებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ლილიან მორი პასკიე საქართველოს 28 აპრილს ეწვია. გუშინ ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანსა და სოფელ ოძისში იმყოფებოდა.