სალომე სამადაშვილი - სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი, ის არის დანიშნული პრეზიდენტი
დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უნდა მოუსმინოს უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობის, მოსყიდვის გზით და ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ არჩევნებად.
„გაპროტესტების მიზნით და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება, მათ შორის ამ საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ გამოსვლას დავესწროთ. ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი, ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.