სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება
სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება.  სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, გამოსვლისას პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გათვალისწინებული არ არის.

ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტისგან საგარეო პოლიტიკის მიმართულების საკითხებით დაინტერესდება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.