სალომე სამადაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს.
სალომე სამადაშვილი მუქარის თაობაზე კანდიდატის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჯარო პირები სიტყვიერი თავდასხმის მსხვერპლი ხშირად ხდებიან.
„ფეიკნიუსის“ გავრცელების გამო თავდასხმის მსხვერპლი გავხდი, თითქოს, პატრიარქსა და ქართულ ეკლესიაზე რაღაც ვთქვი. არც ერთი ჩვენგანისთვის სასიამოვნო არ არის, როცა გვემუქრებიან და ისეთ მესიჯებს გვწერენ, რომელიც მუქარის შემცველია. ზოგადად, ეს პრობლემა ბევრ ჩვენგანს აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის უფლებაა, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს, თუმცა მცდელობაა, რომ ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს. მისი უფლებაა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინოს და შესაბამის ორგანოებს მიმართოს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.