სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებზე „ქართულ ოცნებას“ თუ არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ არაფერი შეიცვლება, მაშინ შედეგი იქნება მტკივნეული
ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენი მოთხოვნა რჩება ძალაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან ხმამაღლა ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, ან საარჩევნო სისტემა შეცვალოს, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას და საკუთარ ამომრჩეველს დაჰპირდა, ან ის მოექცევა კიდევ უფრო მკაცრი ზეწოლის ქვეშ დასავლეთის მხრიდან. ამაზე პასუხად „ქართულ ოცნებას“ თუ სხვა არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ არაფერი შეიცვლება, მაშინ შედეგი იქნება ძალიან მტკივნეული, როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე მასთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური პირისთვის, მათ შორის კახი კალაძისთვის. ეს შედეგი დადგება ბევრად უფრო მყისიერად და იქნება ბევრად უფრო მტკივნეული მათთვის. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენი მოთხოვნა რჩება ძალაში, მოთხოვნა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს, ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია.