სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ მისთვის სანდო კანდიდატი დანიშნოს
ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ დანიშნოს არა კონსენსუსით არჩეული, არამედ მისთვის სანდო კანდიდატი.
„სურვილი იყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე აღჭურვილი ყოფილიყო საზოგადოების ნდობით და კანდიდატი კონსენსუსის საფუძველზე აგვერჩია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, მისთვის სანდო კანდიდატი დანიშნოს. წარმოდგენილ კანდიდატებს არ ენდობიან არასამთავრობოები და მათ მხარს არ დავუჭერთ. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და საარჩევნო რეფორმაში განხორციელებული სხვა ცვლილებები იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველ ხალხს აღვუდგენთ სამართლიანი და ობიექტური არჩევანის უფლებას“, – განუცხადა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.
ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.