უნდა ვაღიარო, ქუჩაში გამოსული ხალხი, ან პარლამენტში მოსული, მოთხოვნით რომ უზენაესი სასამართლო სასწრაფოდ დაკომპლექტდეს, არ მინახავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.
„თქვენი კანონპროექტის წინააღმდეგ არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ეს კანონპროექტი დააკანონებს ქვეყანაში ძალიან დიდი ხნით მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს. მაინტერესებს პოლიტიკური გადარჩენის ინსტინქტი მაინც არ გაქვთ, რომ ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის წინააღმდეგ დღეს ფორსირებულად გვაიძულებთ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაველოდოთ და ისე მივიღოთ კომიტეტზე ეს კანონპროექტი. რას მოელით, რომ ვენეციის კომისია რას გააკეთებს? მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ რომელიმე ვენეციის კომისიის წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ რომ ფორმალობა არის აქ ჩვენი მოწვევა, რადგან ჩანიშნული გაქვთ შემდეგი მოსმენები არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო და დღეს ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ“,- აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ძალიან დიდი ხნით საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის შანსს წაართმევს.
„ეს ხალხი მე აქ მეჩვენება, რომ სხედან პროტესტის ნიშნად? მეჩვენება თუ სხედან? ვისთვის იღებთ ამ კანონპროექტს, როდესაც სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს კანონპროექტი ძალიან დიდი ხნით საქართველოს სასამართლოს წაართმევს დამოუკიდებლობის შანსს.
გასაგებია არჩევნები მოდის, სასამართლო სისტემის სრული კონტროლი გჭირდებათ და, რა თქმა უნდა, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაიმე, რაც დღეს აქ ითქმება, ამ დარბაზში ვინმეს მიერ. თანამონაწილეობა კანონპროექტის განხილვის დროს ფორმალობა კი არ უნდა იყოს, ამ თანამონაწილეობის შედეგად რეკომენდაციები უნდა გაგეთვალისწინებინათ ბატონო ანრი და რომ არ გაითვალისწინეთ, იმიტომ ზის ეს ხალხი აქ. მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ ვერაფერს ვერ იგებთ და სწორედ ამიტომ მიიღებთ ამ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი მხოლოდ დააჩქარებს მხოლოდ იმას, რაც მოელის თქვენ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ასე ექცევა საზოგადოებას და მიიღეთ, კარგია, რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს მით უკეთესია. პოლიტიკურად რა თქმა უნდა“,- განაცხადა სამადაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადადოს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.
ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.
ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ იქნება.