სალომე სამადაშვილი - კარგი იქნებოდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, ისე შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობას.
„გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ მიმაჩნია სწორად, რომ ვეტოს გამოყენების გზით მოხდეს ამ კანონპროექტის პარლამენტში თავიდან განხილვა და შესაბამის ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა. ასევე, გვქონდა საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ვისარგებლე შემთხვევით და პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი შეფასებები იგივე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რა არის ძირითადი განსხვავებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ წინ დაგეგმილ სამუშაოს, რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას. ასე რომ, საუბარი გვქონდა ზოგადად შეთანხმების შესრულებაზე და არა მხოლოდ ადმინისტრაციულზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ვეტოს დადება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.
„მე არ ვიცი, რას გადაწყვეტს, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ის მოისმენს ოპოზიციის აზრს ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ძალაშია თუ არა განცხადება, რომ თუ პრეზიდენტი არ გამოიყენებს ვეტოს, მაშინ ოპოზიცია დაანიცირებს ახალ კანონპროექტს“, სალომე სამადაშვილის შეფასებით, კარგი იქნებოდა, ვეტოს გამოყენებით შეჩერებულიყო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტის ამუშავება.
„ახალი კანონპროექტი რომ დაინიცირდეს, ძალაში უნდა შევიდეს მიღებული ცვლილებები, ეს არის დროში უფრო მეტად გაწელილი პროცედურა. ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო კარგი იქნებოდა, რომ ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა ამ კანონპროექტის ამუშავება, შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწიოს, რომ თავიდან განიხილოს ოპოზიციის მონაწილეობით. პრეზიდნტმა მოისმინა ჩემი არგუმენტაცია და როდესაც საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ პოზიციას გააცნობს საზოგადოებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს ინდივიდუალურად ხვდებიან. მათი ნაწილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვს.