სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება, უამრავი პრობლემაა, რომელზეც, მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბარია საჭირო
დღეს ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ არის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.
სალომე სამადაშვილის თქმით, არსებობს უამრავი პრობლემა, რომლებთან დაკავშირებითაც პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარია საჭირო.
„ჩემთვის ცოტა უცნაურია, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ სხვადასხვა დღეს. რამდენიმე დღის წინ, გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან, თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, გათავისუფლება არ მოხდა და ახლა, როცა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში დატოვა სააკაშვილი, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით, ამ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება. ამავე დროს უამრავი გამოწვევა, პრობლემაა, რომელზეც საუბარია საჭირო, მათ შორის პარლამენტში და საპარლამენტო ტრიბუნიდან.
რაიმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ მიიღებ, ისეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას, როგორიც პარლამენტის დატოვებაა, უნდა გქონდეს გააზრებული, ამას რა შედეგი მოაქვს, რა შედეგის მომტანია პოლიტიკური პროცესისთვის. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რა შედეგის მომტანი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.