ლევან ხაბეიშვილი - დღეიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება, ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას
ლევან ხაბეიშვილი - დღეიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მოსვენება, ასევე, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეასრულოს პუტინის დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს გამოუტანა, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვრონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტივობებს დღეიდან იწყებს.

„დღეიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება. ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს. ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. დაიგეგმება რეგიონებში აქტივობებიც. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან კონკრეტული კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. დღეს და ყოველდღე გვექნება აქტივობები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ელჩებს გააცნობენ ინფორმაციას, რატომ წყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო აქტივობებს.

„ყველგან მოგაკითხავენ ის ადამიანები, ვისაც ჩაგრავთ და ვისაც უკლავთ ევროპულ მომავალს. ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება. ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს აღარანაირ განხილვებში მონაწილეობას და რაღაც თამაშებში შეყოლას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე. როცა ვსაუბრობთ, რომ პარტნიორებს შევხვდებით, სწორედ ამიტომ შევხვდებით. ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და მათ კარგად უნდა იცოდნენ, უბრალოდ, იძულებულები ვართ, ასე მოვიქცეთ. ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.