სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღება თუ გვინდა, შესაძლოა, განვიხილოთ ამნისტიის ფართო ცნება, რომელიც შეეხება ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას
ბევრ საკითხზე ისტორიის ფურცლის დახურვა და პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღება თუ გვინდა, შესაძლოა, განვიხილოთ ამნისტიის საკმაოდ ფართო ცნება, რომელიც შეეხება ჩვენს ქვეყანაში გასული 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა იაგო ხვიჩიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.
„ჩემი პოზიცია მათ შორის მოლაპარაკების პროცესში იყო ის, რომ ჩვენ შესაძლოა, შევქმნათ რაღაც ტიპის დიალოგი, რათა ამნისტიის ცნებაც ზოგადად გაფართოვდეს და ჩვენ შევძლოთ, უფრო ბევრ საკითხზე დავხუროთ ისტორიის ფურცელი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მზადყოფნა ვერ დავინახე, რომ ჩვენ გვემსჯელა მართლაც ფართომასშტაბიან ამნისტიაზე ქვეყანაში.
მე პირადად მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში მსგავსი დიალოგი და მსგავსი შესაძლო გადაწყვეტილებები ძალიან ეხმარება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ჩემი პოზიციაა, რომ თუ გვინდა, დაიხუროს ბევრ საკითხზე ისტორიის ფურცელი და ჩვენ გავაჯანსაღოთ პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, ჩვენ შესაძლოა, განვიხილოთ ამნისტიის საკმაოდ ფართო ცნება, რომელიც შეეხება სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს გასული 30 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.