სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, მაღაროელთა ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება
გაუგებარია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს, როდესაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა ჭიათურაში არჩევნები და მაღაროელებმა მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებასთან საუბრის ყველაზე კარგი გზა არის არჩევნების გზით გადარჩევა.
„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ვიზიარებ ამ ადამიანების გულისტკივილს და მათ პრეტენზიებს, ვინმემ უნდა განუმარტოს მათ და დიახ, პოლიტიკური ცვლილებების გარეშე მათ ცხოვრებაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება. ეს არის რეალობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.
გაფიცული მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ და მეთერთმეტე დღეა, შიმშილობენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამასთან, ჭიათურაში მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა.