სალომე სამადაშვილი - ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება მოჰყვება
„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გამოკითხულთა მხოლოდ სამ პროცენტს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება არის მიზანშეწონილი, ხოლო 97 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის დატოვებისკენ ვინც მოუწოდებს, უნდა ახსნან, რატომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რადგან ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში უნდა საქმიანობდეს.
სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება.
„მცდარია მოსაზრება, რომ ოპოზიცია პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ზის. ოპოზიცია პარლამენტში საკუთარ ამომრჩეველს წარმოადგენს. იმ ამომრჩეველს, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში უნდა საქმიანობდეს. ყველას ვურჩევ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას გაეცნოს და ნახოს, გამოკითხულთა მხოლოდ სამ პროცენტს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება არის მიზანშეწონილი. 97 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტში საქმიანობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, როცა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ, უნდა ახსნან, რისთვის უნდა დატოვოს, როცა ამომრჩევლის დაკვეთაც ეს არ არის. არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში გაუგებარია, პარლამენტის დატოვება რა შედეგს მოგვცემს. მომავალში, რა თქმა უნდა, ვნახავთ, როგორ განვითარდება პროცესები და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან პოლიტიკურმა პარტიებმა. შემიძლია, ჩემი შეფასება გითხრათ, რომ ამას დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება მოჰყვება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.