სალომე სამადაშვილი - „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კატეგორული უნდა იყოს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კატეგორული უნდა იყოს, რადგან ეს ის სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს იცავს.
ჟურნალისტებთან საუბარში სამადაშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი რუსეთის ამოცანებს პირდაპირ ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მსოფლიოში არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველოსთვის სასურველი პოზიციების დაცვა უნდა გაგრძელდეს.
„რუსეთის განცხადების შემდეგ ნათელია, რომ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში საუბარი სივრცეზე იყო, ეს სივრცე რუსეთის ინტერესების გატარებას ეხებოდა, რაც ოკუპანტის სტატუსის მოხსნა და დე ფაქტო ხელისუფლებების მხარეებად აღიარებაა. ეს მცდელობა ოპოზიციის ზეწოლისა და პროტესტის შემდეგ შეჩერდა. როგორც ჩანს, რუსეთს მცდელობა აქვს, რომ იგივე მიზნის განხორციელებას სხვა ფორმატებში შეეცადოს. ამიტომ, საუბარი ჟენევის ფორმატის შეცვლაზე დაიწყო, თუმცა ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას არ მივცემთ, რომ სახელმწიფო ინტერესები რაიმე ფორმატებში დათმოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის იმედისმომცემი განცხადებისა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის სურვილი ჰქონდა, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად აქციეს“.
ამასთან რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, საქართველომ დაიწყოს დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.