სალომე სამადაშვილი - დემოკრატიის გარეშე ალიანსში მომავალი არ გვაქვს
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა დემოკრატია და არჩევნებია, რაზეც ნატო-ს გენერალური მდივანი მიუთითებს.
სალომე სამადაშვილი იენს სტოლტენბერგს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად შეხვდა. მისი თქმით, ნატო-ს შემდეგი სამიტი ლონდონში ჩატარდება, რომელიც სიმბოლური იქნება და იქ არანაირი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება.
„მომდევნო სამიტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება. ამიტომ, ნატო-ს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი იყო, ეუთო-ს დასკვნა აიღეთ და ყველა ის რეფორმა გაატარეთ, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის გარეშე ნატო-ში საქართველოს მომავალი უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
პირდაპირი გზავნილი იყო, ნატო-ში პოლიტიკური კონსენსუსი რომ შეიქმნას, ის რეფორმები უნდა გაატაროთ, რაც თქვენს საზოგადოებას სჭირდება, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები განმტკიცდეს. ვიზიტიდან დასკვნის გაკეთება მარტივია, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთთან არსებულ პრობლემებში, მაგრამ დემოკრატიის გარეშე საქართველოს ნატო-ში მომავალი არ აქვს”, – განაცხადა სამადაშვილმა.