სალომე სამადაშვილი - მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მცდელობას, ხელისუფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში
მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყველანაირ მცდელობას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩაერიოს საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ეს მოისმინა მეუფე იაკობის განცხადებებშიც.
„ჩვენ ეს მოვისმინეთ, როგორც მეუფე იაკობის განცხადებებში, რომელიც არავის უარყვია, მათ შორის სინოდის სხდომაზეც ამ განცხადებების შინაარსის უარყოფა არ მომხდარა, ასევე განცხადებები გაკეთდა პეტრე ცაავას მხრიდან, რომ ჰქონდა საუბრები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ დაკავდებოდა იმ ეკლესიის პრობლემებით, რომლის საკითხიც მის წინაშე დასვა პეტრე ცაავამ. ამიტომ თუ ვინმეს თანამონაწილეობაზე შეიძლება, საუბარი იყოს ამ პროცესებში, ჯერჯერობით იკვეთება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია“, – განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„საგამოძიებო კომისია პარლამენტში სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას. კომისიას ექნება შესაძლებლობა, ყველა შესაბამის პირს მოუსმინოს, რომელსაც შეუძლია, მოგვცეს ინფორმაცია, თუ რა ხდება და რეალურად რა მოხდა, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, ჩაფარცხოს ეს საქმე. ჩვენ პროკურატურის განცხადება ვნახეთ, რომელიც ცდილობს, ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად დახუროს. ჩვენ საფუძვლიან მოკვლევას და საფუძვლიან გამოძიებას ვუჭერთ მხარს. ამ გამოძიებისა და ფაქტების დადგენის ერთ ადამიანს ეშინია და ეს ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები არიან, რომლებიც დღეს მისი სახელით ჩვენს სახელმწიფოს მართავენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებასა და საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევას შეისწავლის