„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებასა და საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევას შეისწავლის
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებასა და საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევას შეისწავლის

ერთი ხელით ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ეკლესიას ანგრევს, მეორე ხელით კი, თითს იშვერს პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკლესიის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ასევე მრევლს.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე საკმარისი აღარ არის, რომ გასული წლების მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი მიიტაცა. ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფო მიიტაცა და გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე უნდა დაეპატრონოს საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტს, ეკლესიას. ივანიშვილის ამ მცდელობამ, უხეშად ჩაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, როგორც საქართველოს ეკლესიას, ასევე ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, თითოეულ მოქალაქესა და პირველ რიგში, ჩვენი ეკლესიის მრევლს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, მეუფე იაკობის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადება ძალიან საყურადღებო იყო და პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაეწყო.

„მეუფე იაკობმა ფაქტობრივად, ბრალი დასდო დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეკლესიაში შეთქმულების ორგანიზების ადა პატრიარქის ჩანაცვლების მცდელობაში. მეუფეს ეს განცხადება არ უარყვია. მეტიც, წმინდა სინოდმა იმსჯელა რა გუშინ ამ განცხადებაზე, ეჭვქვეშ არ დაუყენებია განცხადების შინაარსი. პროკურატურა, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო გამოძიება, რადგან ეს შესაძლო დანაშაულის ფაქტზე განაცხადია, ნაცვლად ამისა, დღეს ურცხვად აცხადებს, რომ რამდენადაც გომელაურს ადა გახარიას არ დაუდასტურებიათ შეხვედრის ფაქტი, მათ არ აქვთ საფუძველი, გამოძიება დაიწყონ“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, პროკურატურის აღნიშნული განცხადება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს დაცინვაა.

„შესაბამისად, ჩვენ დღეს გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი უკვე სხვაგან უნდა წარიმართოს. ეს ადგილი არის საქართველოს პარლამენტი. ჩვენ საქმე გვაქვს შესაძლო არაკონსტიტუციურ ქმედებასთან და ძალიან უხეშ დარღვევასთან, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, რომლის მე-8 მუხლი ადგენს, რომ ეკლესია დამოუკიდებელია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, იგივეს ადასტურებს საკონსტიტუციო ხელშეკრულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. შესაბამისად, პარლამენტს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დღეს გადაუდებელი აუცილებლობა აქვს, დასახელებული ფაქტების შესწავლა დაიწყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

შესაბამისად, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ დღეს ინიციატივით გამოვდივართ და უახლოეს დღეებში ეს დაფიქსირდება, როგორც ოფიციალური ინიციატივა, რომ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, შეიქმნას საგამოძიებო კომისია მაღალი თანამდებობის პირების მიერ პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულების და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ კომისიის მიზანი უნდა იყოს, შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პატრიარქის გადაყენების მცდელობის ფაქტი, ასევე დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას და სხვა თანამდებობის პირების და შესაძლოა, სასულიერო პირების თანამონაწილეობა ამ პროცესში“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივას პარლამენტში მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ, როგორც ოპოზიციას საკუთარი ხმები არ გვეყოფა, რომ ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მაგრამ იმედი მაქვს, პარლამენტში მოიძებნება 50 დეპუტატი, რომელსაც აინტერესებს სიმართლე დაადგინოს იმაზე, რაც ჩვენ გასული დღეების განმავლობაში გვესმის. თუ ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს რომელიმე პოლიტიკური ძალა, საზოგადოებას ეცოდინება, რომ პარლამენტში მათი წარმომადგენლები რეალურად ხელს აფარებენ მცდელობას, ივანიშვილმა დაანგრიოს სახელმწიფოსთვის, მისი მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ინსტიტუტი, საქართველოს ეკლესია და სავარაუდოდ, ეკლესიაში ბოლომდე გზა გაუხსნას რუსეთის ზეგავლენის გაძლიერებას“, – განაცხადა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი