სალომე სამადაშვილი - მინდა, მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს, რადგან ლაზარესნაირმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის
სალომე სამადაშვილი - მინდა, მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს, რადგან ლაზარესნაირმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის

მინდა, მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს, რადგან ლაზარესნაირმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაარჩინეს ქვეყანა იმისგან, რომ წართმეოდა საბოლოოდ შანსი ევროპული მომავლის.

„მინდა, დღეს სიმართლე ვუთხრა ქართველ ხალხს იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამასთან ერთად, მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა იმისგან, რომ წართმეოდა საბოლოოდ შანსი ევროპული მომავლის. მინდა, მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს, რადგან ლაზარესნაირმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის. დღეს ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მუშაობდა ევროკავშირში ჩვენს მისიაში, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი, დღეს ამ დარბაზიდან საუბრობს, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის. სიმართლე არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ადამიანები დაგრჩათ, „ქართულო ოცნებავ“, მედროვე ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ნაციონალი“ იქნება, „ქართული ოცნების“ დროს – „ოცნების“ მსახური და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, ევროკავშირში საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა გადარჩეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში დღეს არიან რუსეთის მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ და სურთ, ჩაშალონ კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირში ჩვენს ქვეყანასა და ხალხს უამრავი მეგობარი ჰყავს. ეს მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რომ გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, წაგვართვან შანსი, ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ახმოვანებს.