სალომე სამადაშვილი - ლიეჟში გუშინდელი დაპირისპირება ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ლიეჟში გუშინ მომხდარი დაპირისპირება ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და თვითაღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ლიეჟში უმსგავსობის ორგანიზებაში სახელმწიფო მონაწილეობდა.
„ზონდერჯგუფები საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ მემამულეებს ხელს უშლიდნენ, შეკრებილიყვნენ და პოლიტიკური აზრი თავისუფლად დაეფიქსირებინათ. უახლოეს არჩევნებზე ამ სამარცხვინო, ზონდერ ხელისუფლებას სახლში გავისტუმრებთ. ლიეჟში მიკროავტობუსებით, შეიარაღებული პროვოკატორების ჯგუფი ვნახეთ, რომელიც ხელისუფლებამ სავარაუდოდ ჩვენს ხარჯზე დესანტის სახით გადასხა. გამოსაკვლევია, ეს რა სახსრებით დაფინანსდა. ეს არ იყო თავისუფალი მოქალაქეების სპონტანური შეკრება, ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული. ქვეყნის შიგნით ზონდერ ჯგუფები არჩევნების დროს გვინახავს. სამარცხვინოა, როცა ეს ევროპაში მოხდა. საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩავრთოთ და შეფასებული უნდა იყოს, რამდენად კანონიერი იყო ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ზონდერ ჯგუფების გადასხმა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ხელისუფლება თავს სუსტად გრძნობს და იცის, რომ განწირულია ხელისუფლების დაკარგვისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.