სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, არავინ აპირებს მათთვის სააკაშვილის გადმოცემას
ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ არავინ აპირებს მათთვის სააკაშვილის ექსტრადიციით გადმოცემას, საკუთარ თავს დასცინიან მორიგ ჯერზე, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი მიმალვაში არ ყოფილა. ის საჯაროდ არის წარმოდგენილი როგორც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. გასული წლების მანძილზე თავისუფლად მოგზაურობს და გადაადგილდება. საქართველოს ხელისუფლებას არავინ უშლიდა ხელს, მისი ექსტრადიცია მოეთხოვა ნებისმიერი ქვეყნიდან სადაც ის ჩადიოდა. ეს კიდევ ერთხელ თავის მასხრად აგდებაა. რეალურად ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ არავინ არ აპირებს მათთვის სააკაშვილის ექსტრადიციით გადმოცემას. საკუთარ თავს დასცინიან მორიგ ჯერზე ძალიან უთავმოყვარეოდ, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ.
უკრაინა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას მხოლოდ მაშინ განიხილავდა, როდესაც პოროშენკოს და ივანიშვილის ინტერესები სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან განდევნის საკითხზე ერთმანეთს ემთხვეოდა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია მაშინ პოროშენკომ ივანიშვილს შესთავაზა, სააკაშვილის ექსტრადირება გაეკეთებინა და ამაზე უარი მიიღო. სხვა არავინ მსგავს შეთავაზებას ივანიშვილს აღარ გაუკეთებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს.
ამასთან დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, რომელმაც აღნშნა, რომ ყველა დამნაშავის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა გრძელდება.
მიმდინარე წლის 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.