შალვა თადუმაძე - ყველა დამნაშავის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა გრძელდება
შალვა თადუმაძე - ყველა დამნაშავის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა გრძელდება

ყველა დამნაშავის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე დაუსვეს.

მისი თქმით, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

„ვერ დაგეთანხმებით, რამდენჯერაც გაიგზავნა ექსტრადირების მოთხოვნა, იმდენჯერ უარი არ ყოფილა. საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს ყველა დამნაშავესთან მიმართებაში, აღნიშნული საექსტრადიციო პროცედურები გაგრძელდება და დამნაშავე, რომელიც მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, ბუნებრივია, პასუხს აგებს“, – განუცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კიდევ ერთხელ უნდა დააყენოს.

მიმდინარე წლის 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.