სალომე სამადაშვილი - ხელისუფლება რჩევებს თუ არ მოისმენს, ამერიკის კონგრესისა და სენატისგან უფრო ძლიერი ზეწოლა ელოდება
რჩევებს, რომლებიც არის წერილებში, ხელისუფლება თუ არ მოისმენს, ამერიკის კონგრესისა და სენატის მხრიდან უფრო ძლიერი ზეწოლა ელოდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წერილს, რომელიც პრემიერ გიორგი გახარიას სახელზე დღეს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი.
„ის წერილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, თავისი წონით არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი კომუნიკაცია, რადგან ამ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, შაჰინი. მე ძალიან სერიოზულად მოვეკიდებოდი ამ გზავნილს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ხელისუფლება არ მოისმენს იმ რჩევებს, რაც არის ამ წერილებში, რომლებიც ეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას წინ ელოდება კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა ამერიკის კონგრესისა და სენატის მხრიდან.
რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ეს წერილი ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით – საკუთარი პოლიტიკით ბიძინა ივანიშვლი აძლიერებს რუსეთის ინტერესებს რეგიონში. არ მგონია, აშშ მზად იყოს, დათმოს ეს სტრატეგიული ინტერესები. ვერ გეტყვით, როგორ გაგრძელდება ეს, ფაქტია, სრული კონსესუსია პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ვაშინგტონში, რომ საქართველოში ვითარება არის მძიმე და მოელიან კონკრეტულ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან. ვფიქრობ, ამარიკის ახალი ელჩიც ამ გზავნილებით ჩამოვიდა ქვეყანაში“ ,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს.
29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ საქართველო შორდება დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებას.