სალომე სამადაშვილი - კერძო კომპანიები იძულებული არიან, „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლონ, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან
კერძო და კომერციული კომპანიები იძულებული არიან, „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლონ, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან, როცა ვხედავთ, რომ პირდაპირ საზოგადოებრივი სიკეთე ზიანდება იმით, რასაც ხელისუფლება აკეთებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით სარეკლამო კომპანია „ალმას“ განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
სამადაშვილის თქმით, კერძო კომპანიებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სწორედ იმაში ეკისრებათ, რომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან.
„დამოუკიდებელ ბიზნესს არანაირი შანსი არ აქვს, თუ ამ რეჟიმთან არ ითანამშრომლებს. არ მიკვირს, რომ კერძო და კომერციული კომპანიები იძულებული არიან, „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლონ, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან, როცა ვხედავთ, რომ პირდაპირ საზოგადოებრივი სიკეთე ზიანდება იმით, რასაც ხელისუფლება აკეთებს.
ფაქტობრივად, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაეცა მაშინ, როცა სადაც სიცოცხლის გადასარჩენი ბანერი იყო, იქ სისხლიანი პლაკატები გააკრა ხელისუფლებამ იმ კერძო კომპანიებთან ერთად, ვინც ამ უმსგავსობაში მონაწილეობას დათანხმდა. შესაბამისად, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მათ სწორედ იმაში ეკისრებათ, რომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. ვერანაირი ბოროტების რეჟიმი წარმატებულად ფუნქციონიერებას ვერ შეძლებს, თუ მათთან თანამშრომლობისთვის ადამიანები მზად არ არიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ბოროტების რეჟიმთან ითანამშრომლონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით სარეკლამო კომპანია „ალმამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ალმას“ არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა, არამედ „ალმა“ მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე არსებულ ფართს ყიდის/აქირავებს.
კომპანიის განმარტებით, მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და განათავსეს იგი „ალმას“ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.
გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სრულიად ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას, თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.