სარეკლამო კომპანია „ალმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო კომპანია „ალმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ალმას“ არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. „ალმა“  მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე, ანუ კონსტრუქციებზე არსებულ ფართს ყიდის/აქირავებს, – ამის შესახებ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით კომპანია „ალმას“ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის განმარტებით, მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და განათავსეს იგი „ალმას“ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სრულიად ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.

„ბოლო ორი დღის მანძილზე ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ შემდეგს: კომპანია „ალმა“ ორ ათეულ წელზე მეტია, დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ, აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ „ალმას“ არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან, თუ სხვა. „ალმა“ ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „ალმამ“ დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

გარდა ამისა, ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას, თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, – აცხადებენ კომპანიაში.