სალომე სამადაშვილი - რუსეთი მუდმივად ცდილობს, დაგვემუქროს არასტაბილურობით, თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება
გრიგორი კარასინის განცხადებაში ახალი არაფერია, რუსეთი უკვე მრავალი წელიწადია, მუდმივად ცდილობს, დაგვემუქროს არასტაბილურობითა და რეგიონში დესტაბილიზაციით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
დეპუტატის შეფასებით, რეალურად, სტაბილურობის ერთადერთი გარანტია სწორედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა.
„ჩვენმა პარტნიორებმა ეს იციან და ეს ვიცით ჩვენ. რა თქმა უნდა, რუსეთს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკის არჩევანს ვეტო დაადოს. სამწუხაროა, დღევანდელი ხელისუფლება თავისი პოლიტიკით რუსეთს უჩენს განცდას, რომ მას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩვენს არჩევანს, გავერთიანდეთ ნატო-ში, მსგავსი ვეტო დაადოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გუშინ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.