სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძემ მორალური ფსკერი ჩაიარა ერთი წლის წინ, როდესაც 20 ივნისს მის სავარძელში აღმოჩნდა გავრილოვი
სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძემ მორალური ფსკერი ჩაიარა ერთი წლის წინ, როდესაც 20 ივნისს მის სავარძელში აღმოჩნდა გავრილოვი

ირაკლი კობახიძემ მორალური ფსკერი ჩაიარა ერთი წლის წინ, როდესაც 20 ივნისს მის სავარძელში აღმოჩნდა გავრილოვი და შემდეგ არ გადადგა თანამდებობიდან, ვიდრე ჩვენს თანამოქალაქეებს ამისთვის თვალები არ დასთხარეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, როგორც ჩანს, მორალური ფსკერი ირაკლი კობახიძისთვის კიდევ უფრო დაბლაა.

„იმის ნაცვლად, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ერთხმად აცხადებდეს, რომ სრულიად მიუღებელია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორი რუსეთი გეგმავს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას ჩვენს ტერიტორიაზე, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველი პირები, როგორც ჩანს, ივანიშვილის პირადი დავალებით, მსგავსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით, ცდილობენ, ეს საქმე ისე მიჩქმალონ, რომ არც ერთი სიტყვა არ თქვან რუსეთსა და კადიროვზე. როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ხმამაღლა აცხადებენ, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ზუსტად რუსული პროპაგანდის მეთოდებით ძალიან მომგებიანია მათი აზრით, რომ ისრები გადაიტანონ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებზე. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს ან ირაკლი ოქრუაშვილს, მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რა შეხედულებებს ატარებს ის და ვეთანხმებით თუ არა მათ ხედვებს. ამიტომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების შესახებ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინ შეადგენს კოალიციურ მთავრობას არჩევნების შემდეგ. კოალიცია შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ პარტიებს შორის, რომლებიც იზიარებენ საერთო ხედვებს საგარეო და საშინაო საკითხებზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.