სალომე სამადაშვილი - გიორგი ვაშაძემ თავად გადაწყვიტა, ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთიანობაში
გიორგი ვაშაძემ გადაწყვიტა, თაკო ჩარკვიანი დაეყენებინა მაჟორიტარ კანდიდატად საბურთალოზე, გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, სწორედ ამის გამო გადავხედეთ გადაწყვეტილებას ისნის მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ენმ-ს მიერ ისანში ხატია დეკანოიძის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თავად გიორგი ვაშაძემ გადაწყვიტა, გაეჩინა ბზარი ოპოზიციურ ერთიანობაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ იმთავითვე მხარს უჭერდა ფართო ოპოზიციური ერთიანობის შექმნას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, დავუჭირეთ მხარი ერთიან კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში თბილისში და დღესაც მხარს ვუჭერთ ბატონ ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და სხვებს.
რაც შეეხება ისნის მაჟორიტარულ ოლქს, აქ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა კანდიდატის გარშემო, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე წარდგენილ იქნა როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ბატონი ვაშაძის გარშემო, შეცვალა მისი შანსები, დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი აღნიშნულ ოლქში. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ მაჟორიტარულ ოლქში დავამარცხოთ ივანიშვილის კანდიდატები. სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ისანში წარვადგინოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან დიდი მსჯელობის შედეგად მიღებული. სხვადასხვა კანდიდატებზეც ვიმსჯელეთ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ ხატია დეკანოიძე არის სწორედ ის კანდიდატი, ვინც აღნიშნულ ოლქში დაამარცხებს აუცილებლად ივანიშვილის კანდიდატს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც სალომე სამადაშვილის ამბობს, დეკანოიძის ისნის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმების დარღვევა არ არის.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ამ შეთანხმების დარღვევას ნიშნავს, რადგან, როდესაც ვაშაძის კანდიდატზე შევთანხმდით, ის წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ და სწორედ ამ გაერთიანების სახელით დასახელდა შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში. ამის შემდეგ, ვაშაძემ გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში, მისი პოლიტიკური პარტნიორი, თაკო ჩარკვიანი, დაეყენებინა მაჟორიტარ კანდიდატად საბურთალოზე. გარდა ამისა, დატოვა პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“. ამიტომ, ჩვენთვის სამწუხაროდ, თავად ვაშაძემ გადაწყვიტა, ბზარი გაეჩინა ოპოზიციურ ერთიანობაში, რომელიც, ჩვენი მხრიდან, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა შენარჩუნებულიყო მასთან მიმართებაშიც. ამ გადაწყვეტილებამ გახადა ჩვენი გადაწყვეტილების გადახედვა ისნის მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით,
მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ერთადერთი ინტერესიდან გამომდინარე – ეს ინტერესია ხელისუფლების კანდიდატის დამარცხება“,- აცხადებს სამადაშვილი „მთავარ არხთან“ საუბარში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაასახელა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა.