სალომე სამადაშვილი - გიორგი გახარიას წერილი არის მცდელობა, ხელისუფლებამ დასავლეთში საკუთარი იმიჯი გამოასწოროს
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკულ გამოცემაში – The Washington Times საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებული სტატია არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ დასავლეთში საკუთარი იმიჯი გამოასწოროს.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, „საზოგადოება ხედავს, რომ დასავლეთში მყარად ჩამოყალიბდა აზრი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის თაობაზე, როგორც იმის შესახებ, რომ ეს არ არის დემოკრატიული რეჟიმი, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის რეჟიმი აძლიერებს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით წინ წასულიყო.
„ეს წერილი არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი იმიჯი გამოასწოროს დასავლეთში, თუმცა ამის უკან დგას ხელისუფლება, რომელმაც წლების განმავლობაში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით წინ წასულიყო. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც დაბლოკა ანაკლიის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ნატო-ში. ეს არის თვალთმაქცობა ხელისუფლების მხრიდან საკუთარი განადგურებული იმიჯის გადასარჩენად და ამას დასავლეთში შესაბამისი რეაქცია ექნება, რადგან დრო, როცა ივანიშვილსა და გახარიას ვინმე შეეძლოთ მოეტყუებინათ, ამოწურულია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.