სალომე სამადაშვილი - გერმანიის ელჩი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, შეცდომა ყველას მოსდის, მათ შორის გამოცდილ დიპლომატებს
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში ძალიან გამოცდილი დიპლომატია, თუმცა გარკვეულ ვითარებებთან დაკავშირებით, მან საკუთარ განცხადებებში შეცდომის ნიშნები დაუშვა.
როგორც ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა განუცხადა, ჰუბერტ ქნირშმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები.
„არ მახსენდება, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელის განცხადება, რომელიც არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და იმ ფარგლებს, რომელიც არსებობს ურთიერთობისთვის ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებთან. გვაქვს უფლება, არ დავეთანხმოთ კონკრეტულ გამონათქვამს ამა თუ იმ სახელმწიფოს ელჩის, სწორედ ეს დავაფიქსირეთ, როცა ვაფასებდით გერმანიის ელჩის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას. რაც ეხება 8 მარტის შეთანხმებას, მან გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, როცა განსხვავებული აზრი დააფიქსირა ამ საკითხზე. გერმანიის ელჩის პოზიციას არ დაეთანხმნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როცა მათ შეფასება გააკეთეს სოფო კილაძესთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2008 წლის რუსეთის აგრესიას, როცა საქართველოს მართავს ხელისუფლება და პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებს საომარი მოქმედებების დაწყებაში, ეს არის გაცილებით დიდი პრობლემა სახელმწიფოსთვის, ვიდრე გერმანიის ელჩის პოზიცია ამ საკითხზე. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს ამა თუ იმ ადამიანის შეხედულება მიუხედავად იმისა, რა რანგის მატარებელია ესა თუ ის პიროვნება, იქნება ელჩი, თუ სხვა რანგის წარმომადგენელი. გერმანია არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფო, რომლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. გერმანიის ელჩი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, თუმცა გარკვეულ ვითარებებთან დაკავშირებით, როგორიც იყო 20 ივნისი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა იყო პარლამენტის შენობაში, როცა იგეგმებოდა დარბევა მშვიდობიანი დემონსტრაციის, ასევე ის შეფასებები, რაც მან გააკეთა 2008 წლის სამხედრო აგრესიასთან და სოფო კილაძესთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, ატარებდა შეცდომის ნიშნებს, მაგრამ შეცდომა მოსდის ყველას, მათ შორის გამოცდილ დიპლომატებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“.
ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
ამასთან, გუშინ ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.