სალომე სამადაშვილი - განხილული უნდა იყოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასა და განმტკიცებას უკავშირდება
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ განხილული უნდა იყოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასა და განმტკიცებას უკავშირდება.
ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, ოკუპაციის რეალობის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება, საქართველომ განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება, მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.
„აკადემიურ წრეებში მოსაზრება არსებობს, რომ გერმანიის გამოცდილებაა, როცა ერთი ნაწილი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ, გაყოფილი ქვეყანა მიიღეს ნატო-ში წევრად, თუმცა გარკვეული დათქმით, რაც შესაძლოა, საინტერესო გამოცდილება იყოს საქართველოსთვის. ამაზე შესაძლოა მსჯელობა გაიმართოს და უნდა განვიხილოთ, ყველა შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და განმტკიცებას. თუ გერმანიის გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ნატო-ში გერმანიის მიღებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა დასავლეთის პოზიცია, რომ არ აღიარებდნენ ამ ქვეყნის დანაწევრებას საბჭოთა კავშირის მხრიდან. თუ ამ საკითხს სწორად მივუდგებით, ნატო-ში გაწევრიანების პროცესი შეიძლება გამოყენებული იყოს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და არაღიარების მიზნით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.