სალომე სამადაშვილი – განხილული უნდა იყოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასა და განმტკიცებას უკავშირდება

15:08, 10.09.2019

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ განხილული უნდა იყოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასა და განმტკიცებას უკავშირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, ოკუპაციის რეალობის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება, საქართველომ განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება, მათ შორის, ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„აკადემიურ წრეებში მოსაზრება არსებობს, რომ გერმანიის გამოცდილებაა, როცა ერთი ნაწილი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ, გაყოფილი ქვეყანა მიიღეს ნატო-ში წევრად, თუმცა გარკვეული დათქმით, რაც შესაძლოა, საინტერესო გამოცდილება იყოს საქართველოსთვის. ამაზე შესაძლოა მსჯელობა გაიმართოს და უნდა განვიხილოთ, ყველა შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას და განმტკიცებას. თუ გერმანიის გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ნატო-ში გერმანიის მიღებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა დასავლეთის პოზიცია, რომ არ აღიარებდნენ ამ ქვეყნის დანაწევრებას საბჭოთა კავშირის მხრიდან. თუ ამ საკითხს სწორად მივუდგებით, ნატო-ში გაწევრიანების პროცესი შეიძლება გამოყენებული იყოს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და არაღიარების მიზნით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი