სალომე სამადაშვილი - ევროპაში ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ინიციატივა საინტერესოა, მაგრამ არანაირ სხვა ფორმატში თანამონაწილეობა არ ანაცვლებს საქართველოს ოცნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი
პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა საინტერესოა ევროპაში ახალი პოლიტიკური გაერთიანების თაობაზე, მაგრამ ამავე დროს, არანაირ სხვა ფორმატში თანამონაწილეობა არ ანაცვლებს საქართველოს ოცნებას, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დასავლეთში რაც უფრო მეტი ფორმატი იქნება, ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ეს არის კარგი, მაგრამ მთავარი ამოცანა რჩება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება რაც შეიძლება სწრაფად.
„რაც შეეხება ალიევის განცხადებას, ალბათ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სომხეთისთვის საინტერესო გაკვეთილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ დომინირებულ ფორმატებში სომხეთის თანამონაწილეობა უნდა იყოს მათ ეროვნულ ინტერესებში. თუ ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ამ მიმართულებით ხელი შეუწყოს სომხეთის ჩართვას დასავლეთთან ურთიერთობების ფორმატებში, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. ასევე საქართველოს თუ რაიმე შეუძლია გააკეთოს, ორი მეზობლის ურთიერთობების წინ წაწევაში. ეს რომ მოხდეს, საქართველო თავად უნდა იყოს კარგ ფორმაში, სამწუხაროდ, ქვეყანა დარჩა მიღმა ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატების. ფაქტიურად, აცდენილია უკრაინისა და მოლდოვის კონტექსტს“, – განაცხადა სამადაშვილმა.