სალომე სამადაშვილი - დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ჩვენს მომავალს ნატო-ში საფრთხეს უქმნის
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეხვედრაზე ნატო-ში საქართველოს მომავალის შესახებ ისაუბრეს. ამის თაობაზე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს.
„ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოს მომავალს ნატო-ში. საუბარი გვქონდა გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშეა. საუბარი გვქონდა, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხოს ჩვენი წინსვლა ნატო-სკენ. ნატო ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები მათ შორის, რაც საქართველოში მიმდინარეობს. დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატო-ში. ასევე საუბარი გვქონდა განცხადებებზე, რომელიც კეთდება უკანასკნელ დღეებში, რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ვისაუბრეთ გამოწვევაზე, რასაც რუსული პროპაგანდა ამ თვალსაზრისით წარმოადგენს. თუმცა ძალიან ხშირად რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ნატო-სთან დაკავშირებით, ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იმეორებენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, მისი შეფასებით, მუხლთან დაკავშირებით განხილვები დიდი ხანია, არის, თუმცა არ არსებობს ამ საკითხზე ერთიანი ხედვა.
„მეხუთე მუხლთან დაკავშირებით განხილვები და ეს საკითხი დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა. ამიტომ ამ საკითხზე გავაცანით ასამბლეის პრეზიდენტს ჩვენი ხედვა და გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საკითხი არ იყო გამოყენებული რუსეთისა და რუსული პროპაგანდის მიერ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიზნის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა.