სალომე სამადაშვილი - ჩემზე, ერთ ხმაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება მიმეღო
ჩემზე, ერთ ხმაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე სხვა გადაწყვეტილება მიმეღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას დღეს არ მიიღებს, თუმცა, თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადაწყვეტილებას გადახედავენ.
„გვიან ღამემდე ვაწარმოებდით შესაბამის კონსულტაციებს როგორც პარტიის შიგნით, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სრული სურათი შეგვექმნა, რა ბედი ელოდება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულებული არ არის და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა რჩება საპატიმროში. კარგია, რომ სხვა ოპიიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ დააზღვიონ საკონსტიტუციო ცვლილებები და დღეს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ცვლილებებს.
ამავე დროს, ვიდრე 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ არის შესრულებული, ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ რაიმე სახის წინსვლაზე დემოკრატიის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადავხედავთ ჩვენ გადაწყვეტილებას.
ჩემზე, ერთ ხმაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შესაძლოა, მიმეღო სხვა გადაწყვეტილება. მაგრამ ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი ხედვით საფრთხე არ ექმნება, ივანიშვილს გეგმა ჩაუვარდა, თუ ამ ცვლილების ჩაგდებას გეგმავდა“,- განაცხადა სამადაშვილმა.