„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მათი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ვთვლით, რომ შემუშავებული საარჩევნო მოდელი მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. ამავე დროს, დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება, მით უფრო, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც თავის საქმიანობის ქვაკუთხედად მოქალაქეების მუდმივი მოტყუება აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიცია ეფუძნება ჩვენი ამომრჩევლების ნებას – საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ მოხდა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს კენჭისყრაში. ამასთანავე, პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური ფრაქციების და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ამასთან,  „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება შეცვალა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.