საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ
საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

ამასთან, უნდა გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, „ეს მარჟა განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით“.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

ამასთანავე, ცვლილებებით, 5 000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება ყველა კვალიფიციური პარტია; ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო; ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არსებობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდიდან 92 დეპუტატი გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, კვლავ იგივე აზრზე არიან. ეს გვაძლევს საფუძველს თამამი განცხადების გაკეთების, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეექმნება არანაირი საფრთხე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. „ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი მთავარი კომპონენტი – ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით, არც ერთი ეს კომპონენტი შესრულებული არ არის. პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა და ხვალ იქნება კენჭისყრა. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, რომელიც ვიხილეთ ნოემბერში, ამით წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ამით მიღწეული იქნება ორი ამოცანა – დარჩება და გაჩნდება მეტი დრო, რათა შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში და გაჩნდება დამატებით დრო, საკონსტიტუციო მოსმენების დასრულებამდე, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება რურუას გამოშვებაზე.