სალომე სამადაშვილი - ახალი არაფერია იმაში, რომ ევროკომისია კანდიდატის სტატუსზე საბოლოო რეკომენდაციას წლის ბოლომდე არ წარმოადგენს, თუმცა ვფიქრობთ, წლის ბოლოს შუალედური შეფასება იქნება
„ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც სამადაშვილი ამბობს, ახალი არაფერია იმაში, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისია საბოლოო რეკომენდაციას წლის ბოლომდე არ წარმოადგენს.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობიდან ჩანს, რომ ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მიმართულებით რაიმე ხელშესახები პროგრესი არ არის.
„უკვე რამდენიმე თვეა, ვიცით, რომ ევროკომისია წლის ბოლომდე არ წარმოადგენს საბოლოო რეკომენდაციას, უნდა მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ამიტომ, ამაში ახალი არაფერია. ვიცით, რომ სწორედ მომავალ წელს იქნება ძირითადი შეფასებები, თუმცა ვფიქრობთ, წლის ბოლოს შუალედური შეფასება იქნება. დღევანდელი მდგომარეობით და იმ განცხადებების ფონზე, რაც კეთდება, ვხედავთ, რომ 12 მოთხოვნის შესრულების მიმართულებით რაიმე ხელშესახები პროგრესი არ არის. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი გადაიდო თავად ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, წარმატების ნიშნები არ ჩანს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს მიმდინარე წელს მიიღებს, სადაც რეფორმების მიმდინარეობა იქნება შეფასებული.
„რაც შეეხება ევროპარლამენტს, საქართველოს შესახებ ანგარიშს მიმდინარე წელს მიიღებს, რომელიც უნდა დამტკიცდეს ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით. შესაბამისად, ამ ანგარიშში შეფასდება რეფორმების მიმდინარეობა. ვფიქრობ, შეფასება იქნება ობიექტური. ობიექტური შეფასებები კი ცხადია, ჩვენი ქვეყნისთვის ვერ იქნება პოზიტიური იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია და რა მდგომარეობაშიც შეიყვანა ევროპული დღის წესრიგი „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მოქმედებით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს გამართულ ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსი არსებობს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება.